„მარია ბუენოს-აირესიდან“ პირველად 1968 წელს დაიდგა. იგი შესრულებული იყო თვისობრივად ახალი ჟანრის, „ოპერა-ტანგოს“ სტილში, რის გამოც, თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. ესაა ისტორია ბუენოს-აირესის გარეუბანში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომისა. 17 სხვადასხვა სცენა გვიამბობს მარიას ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპებზე. ოპერა სავსეა სიმბოლიზმით, შეიცავს ბიბლიურ პარალელებსა და მინიშნებებს. პირველივე თავში, დუენდე ანუ დემონი, ხალხს აუწყებს, რომ მარია მოკლეს. შიშობს რა, რომ მისი სახელი დავიწყებას მიეცემა, იწყებს მისი ამბის თხრობას: როგორ გაჩნდა მარია, როგორ გახდა მეძავი, როგორ მოკლეს იგი ადამიანებმა, რომელთაც მისი დაუფლება სურდათ, თუმც, საწადელს ვერ მიაღწიეს.
იდუმალებით მოცულია ანტაგონისტი. მისი სახელი მთელი დადგმის განმავლობაში იცვლება: მესამე სცენაში იგი „პაიადორია“ (ქუჩის მომღერალი), მეხუთე თავში „ბუენოსაირესელი მთვლემარე ბეღურა“, მერვე თავში „უხუცესი ქურდი“, მეცამეტეში „პირველი ანალიტიკოსი“, მეჩვიდმეტეში – „ხმა იმ კვირა დღისა“. ესაა პერსონაჟი, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში, მამაკაცის ხმისთვის შეიქმნა. ყოველ გამოჩენაზე, იგი იცვლის გარეგნობას, მაგრამ მისი ზნე და ხასიათი უცვლელია. ანტაგონისტი დასცინის მარიას მდაბიო წარმოშობას, აქილიკებს დუენდეს და რადგან ვერ ახერხებს მარიას მოტყუებას, მას კლავს. როცა მარია აჩრდილად იქცევა, ანტაგონისტი აგრძელებს დაცინვას, მარიას გაცოცხლებისთანავე კი მაგიურ ძალებს კარგავს. ანტაგონისტი – ეშმაკის განსახიერება, ქალაქის მაცხოვრებლებს შორის ინიღბება. ამიტომ, სიუჟეტის დანარჩენი გმირები ადვილად ტყუვდებიან და საშიშ პერსონაჟს ემორჩილებიან. ეშმა მარიას ხრიკების მეშვეობით კლავს და მთელი სპექტაკლის განმავლობაში, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.
როგორც კი მარია კვდება (მეცხრე სცენაში), მაშინვე ჩნდება მისი აჩრდილი, რომელსაც აღარ ახსოვს, ვინაა და რა დამართვნია: იგი უმიზნოდ დაბორიალობს სევდიან, სასიკვდილო ქალაქში. ეშმაკი, რომელსაც ჰგონია, გაიმარჯვა და მარიას აჩრდილი განწირულია მარადიული ხეტიალისთვის, შეცდომას უშვებს, როცა ერთ-ერთ სცენაში ქალს მეტისმეტად ბევრ მინიშნებას მისცემს, რითაც ამ უკანასკნელს ახსენდება, თუ ვინ იყო. მარიას აგონდება, რომ მოკლეს და ეს მოგონება მას აამღერებს. ბოლო სცენებში, დუენდეს წყალობით, სასწაულებრივი ჩასახვის შემდეგ, მარია შობს ახალ მარიას. ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, ბოლო სცენა მინიშნებაა ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობელზე.
ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო მან ბორდელები, კაბარეები, ქალაქების ცენტრები, ჟამთა სვლასთან ერთად, როგორ ამოწურა საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა, როგორც ჟანრი.
საინტერესოა, რომ ტექსტის ავტორი, ორასიო ფერერი მრავალგზის გახდა კრიტიკის საგანი უაღრესად პოეტური, ჩახლართული და რთულად აღსაქმელი შინაარსისთვის, რაზეც იგი ინტერვიუში განმარტავდა: „ეს ტანგო იმისთვის დაიწერა, რომ მას ჰქონოდა არა გასაგები ტექსტი, არამედ შეექმნა ატმოსფერო და მოეტანა ემოცია“. ინტერვიუებში, იგი ღიად აცხადებდა რომ ბევრი სიტყვათშეხამება, ერთი შეხედვით, უცნაური და აზრს მოკლებული, მიზნად ისახავდა მხოლოდ რიტმის და მელოდიის შენარჩუნებას. ფერერი იმასაც ამბობდა, რომ მარია თავად ბუენოს-აირესის განსახიერებაა, თუმცა, ცხადია, უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით საკითხს, მარიას მხოლოდ ამ ჩარჩოებში მოქცევა არასწორია.
ოპერეტის პირველი ნახევარი სააღდგომო ხატებებით არის სავსე, ამბავი ვითარდება ისე, რომ მოსალოდნელია მარიას სიკვდილი. მეორე ნახევარი გვიამბობს, უკვე ჯოჯოხეთში მოხვედრილ მარიაზე, რომლისთვისაც ეს ჯოჯოხეთი ქალაქში ხეტიალია. ბოლო ნაწილში ახლოვდება ჟამი აღდგომის, გამოცხადების და სასწაულებრივი შობისა – დაბადება ახალი მარიასი, რასაც საშობაო ზარების რეკვა თან ახლავს.
შენიშვნა:
დუენდე მართალია მაგიური ქმნილებაა, დემონი, თუმცა, ესპანურენოვან ხალხთა ფოლკლორში დიდად უარყოფით პერსონაჟს არ წარმოადგენს.
ლუნფარდოზე, ანუ ბუენოსაირესულ ჟარგონზე, „ბეღურა“ არის ცუდი, ცბიერი ტიპი